საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ქვეყნის მტრობა უწოდა რუსულ ოკუპაციასთან ერთად აზერბაიჯანის მოხსენიებას.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო, 27 მაისს, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ბოკერიამ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება „ევროპულ საქართველოს“ ხელს ვერ შეუშლის, რომ მკაფიო პოზიცია ჰქონდეს მათ მიმართ, ვინც ცდილობს გაამწვავოს ვითარება საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, შუღლი დათესოს ქვეყნის შიგნით და მათ მიმართ, ვინც პატრიოტიზმის საფარქვეშ ქვეყანას მტრობს.
„აქ არიან ხალხი, ვინც ამას აკეთებს გამიზნულად, აქ არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებიც ცდებიან და მე მინდა მივმართო მათ - მთავრობის მიმართ საფუძვლიანმა უნდობლობამ, კრიტიკულობამ მთავრობის მიმართ და ქვეყნის სიყვარულმა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც აზიანებს ჩვენ ქვეყანას. მთავრობისთვის ზიანის მიყენება და ქვეყნისთვის ზიანის მიყენება ორი სხვადასხვა რამაა“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისივე თქმით, ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, აგრესიას და აზერბაიჯანს, პირდაპირ მტრობს ქვეყანას.
ბოკერიას განცხადებითვე, ვინც დღეს ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოკავშირეები არიან. „გადახედეთ გვარებს, ჩახედეთ სოციალურ ქსელებს“ - მიმართა გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.