უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, იური კოსტიუკმა „ნოვოე ვრემიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას წლის ბოლომდე სურს ამჟამინდელი შენობიდან გადასვლა.
მანამდე ამის შესახებ თავად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, როცა არ მოეწონა პრეზიდენტის კაბინეტი და განსაკუთრებით საპრეზიდენტო სავარძელი.
„ძალიან რთულია ამ შენობაში მუშაობა, ეს მართალია. მას მერე, რაც ოთხი დღე დავყავით აქ, მივხვდით, რომ ყველანაირი სირთულე უნდა გადავლახოთ, რათა აქედან გადავიდეთ“, განაცხადა კოსტიუკმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ოფისში ბანკოვაიას ქუჩაზე ცუდად მუშაობს ინტერნეტი. „ესეც უსაფრთხოებით გამოა, მაგრამ ყოველთვის არ შეიძლება სიტყვა ‘უსაფრთხოებას’ ამოეფარო. XXI საუკუნეში შეიძლება რაღაცის მოფიქრება, რათა ინტერნეტი ნორმალურად მუშაობდეს“, დასძინა კოსტიუკმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს თქმით, ამჯერად მუშაობენ შენობიდან გადასვლის ორ ვარიანტზე და ის მიმდინარე წლის ბოლოს შეიძლება განხორციელდეს. მაგრამ სად გადავა ადმინისტრაცია, ამის შესახებ ტიმოშენკოს არ ულაპარაკია.
22 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციის მეორე დღეს, ბანკოვაიას ქუჩა კვლავ გახსნეს ფეხით მოსიარულეებისთვის და მოაშორეს ეროვნული გვარდიის საგუშაგოები, რომლებიც მას იცავდნენ. ქუჩა დაიკეტა ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს, ამის შემდეგ ქუჩაზე იგივე რეჟიმი შენარჩუნდა პეტრო პოროშენკოს მმართველობის ხუთწლიან პერიოდში.