Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა დარსალია: ემოცია უნდა ჩაცხრეს, რათა საზღვრის სადელიმიტაციო კომისიამ მშვიდად იმუშაოს


„საქართველოს და აზერბაიჯანს არაფერი აქვთ საჩხუბარი არც ერთ საკითხზე“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ემოციური ფონი ჩაცხრეს, რათა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიამ მშვიდ ვითარებაში შეძლოს მუშაობა. მისივე ინფორმაციით, კომისიის მომდევნო სხდომა ერთი თვის განმავლობაში გაიმართება.

„სადელიმიტაციო კომისიის შემდეგი შეხვედრა იქნება დაახლოებით ერთი თვის ფარგლებში. მანამდე ჩასატარებელია გარკვეული ტიპის სამუშაოები. იქნება ექსპერტების დონეზე ერთობლივი შეხვედრებიც. შემდეგ უკვე კომისია შეიკრიბება და კიდევ ერთხელ განიხილავენ ერთმანეთის პოზიციებს. მთავარი მიზანია, რომ მოხდეს პოზიციების შეჯერება შეუთანხმებელ მონაკვეთებზე, რომელთა რაოდენობაც, დაახლოებით, 14-ია.

რაც შეეხება იქ არსებულ ვითარებას, ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ემოციურმა ფონმა თანდათან ჩაიაროს, რათა კომისიებს მიეცეთ მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. საქართველოს და აზერბაიჯანს არაფერი აქვთ საჩხუბარი არც ერთ საკითხზე. შესაძლებელია და ორივე ქვეყნის მხრიდან არსებობს მოტივაცია, რომ ჩვენ მშვიდ გარემოში მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მისაღებია ორივე ქვეყნის საზოგადოებისათვის. ამისთვის მნიშვნელოვანია არა ემოციური ფონი და ურთიერთბრალდებები, არამედ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა,“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

28 მაისს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საზოგადოებრივი, მათ შორის ნაციონალისტურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლებმა, ასევე, სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა.

აქციის მონაწილეთა თქმით, სურთ მშვიდობიანი მსვლელობით ყველას გააგებინონ, რომ დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

28 მაისსვე გავრცელდა პეტიცია სახელწოდებით „დავით გარეჯის კომპლექსი - ვითარება ჩვეულ კალაპოტს უნდა დაუბრუნდეს“.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ როგორც პეტიციაში ვკითხულობთ, მის ხელმომწერებს არასწორად მიაჩნიათ შეუსაბამო და ურთიერთობათა დამაზიანებელი აქციები აზერბაიჯანის საზღვართან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეთა მცირე ნაწილი აწყობს.

საქართველოს და აზერბაიჯანს შეუთანხმებელი აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით ერთი-მესამედი, მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG