Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისთვის გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია


ნათია თურნავა
ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უარყო, რომ გაცემული იყო ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა. თურნავას განცხადებით, რეალურად საუბარია მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტზე, რომელიც მთავრობასთან შეუთანხმებლად გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე რომ, საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც ჩემთან პირადად. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და გაუქმდა ეს დოკუმენტი, ასევე სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია.

„ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70 მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსებით. ასევე, სრული იურიდიული მხარდაჭერით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან და გვაქვს დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა კონსორციუმს მოუწოდა, ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზს და კონცენტრირდეს არსებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება და მშენებლობა დროულად დაიწყოს.

29 მაისს საღამოს, კომპანია „ეიპიემ ტერმინალი ფოთმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების სამინისტროსგან მიიღო ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა. ამას მოჰყვა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერების საფრთხის წინაშე დადგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG