ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ნიკოლას მუდუროს წარმომადგენლებთან ნორვეგიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები გაგრძელდება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა. ამის შესახებ ფრანს პრესი იტყობინება.
მადურომ თავის მხრივ განაცხადა, რომ სწამს დიალოგის. მან ასევე თქვა, რომ ვენესუელის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს საიდუმლო მოლაპარაკებები კრიზისის მოსაგვარებლად და ის ოსლოს შუამავლობით განაგრძეს, წერს El Dia.
მადუროს რეჟიმსა და ოპოზიციას შორის ნორვეგიის შუამავლობით მოლაპარაკებების პროცესი ორი კვირის წინ დაიწყო. მაგრამ მხარეთა წარმომადგენლები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს 29 მაისს. როგორც ფრანს პრესი იტყობინება, შეთანხმებებისთვის არ მიუღწევიათ და მოლაპარაკებების შინაარსი არ გასაჯაროებულა.
მიმდინარე წლის იანვარში გუაიდომ თავი გამოაცხადა ვენესუელის დროებით პრეზიდენტად. ქვეყნის ლიდერად გუაიდო ცნო აშშ-მა, დასავლეთის და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ. მადუროს მხარს უჭერენ ჩინეთი, რუსეთი, კუბა და თურქეთი.