Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია სუსლიაკმა შიმშილობა დაიწყო

საქართველოში 10 ბავშვის თანხლებით შემოსულმა ქალმა, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია, შიმშილობა დაიწყო რუსთავის ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებაში. როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, იულია სუსლიაკი აპროტესტებს საპატიმროში შექმნილ გაუსაძლის პირობებს.

„იულია სუსლიაკს საკანში შეუსახლეს ქალი, რომელსაც სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს და ექიმის დანიშნულებით იღებს კიდევ მედიკამენტებს. ამ ქალმა თვითმკვლელობაც სცადა ორი დღის წინ. იულია სუსლიაკი შეშინებულია და თავს დაუცველად გრძნობს. თვლის, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია.“, - განაცხადა თოდუამ.

იმის გამო, რომ ქალმა თვითმკვლელობა ისევ არ სცადოს, ადვოკატის თქმით, საკნიდან გაიტანეს ბევრი რამ და იულია სუსლიაკს სავარცხელიც კი არ დაუტოვეს.

„ქალბატონ იულიას დღეს შეუქმნეს ისეთი პირობები, რაც ევროპული სტანდარტებით არაადამიანურ პირობებად ითვლება. კონვენციის მე-3 მუხლი შეეხება ადამიანის წამების ტოლფას პირობებში მოთავსებას. მას არა აქვს საშუალება გამოიყენოს კუთვნილი ნივთები და თავის პირად ჰიგიენაზე იზრუნოს. თეთრეულიც კი აღარ აქვს იმის შიშით, რომ მის საკანში მყოფმა მეორე პირმა, მაგალითად, ზეწარი არ გამოიყენოს თვითმკვლელობის იარაღად... მე მივმართე პენიტენციურ დაწესებულებას, ხოლო იულია სუსლიაკმა 30 მაისს დილით შიმშილობა გამოაცხადა“, - განაცხადა თოდუამ.

ადვოკატის თქმით, ქალის მდგომარეობით დაინტერესდა უკრაინის საელჩო საქართველოში. ზურაბ თოდუას უკრაინის კონსული დაუკავშირდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათი უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს, იულია სუსლიაკს წინასწარი, 55-დღიანი პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა. იულია სუსლიაკს ბრალი წაყენებული აქვს არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგის) მუხლით. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს რომ ბავშვები მისი შვილები არიან.

XS
SM
MD
LG