Accessibility links

site logo site logo

გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში


3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს გამოტანილი განაჩენი და მსჯავრდებული გ.ჯ. დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.

„2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ, ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან, სხვა პირთან ერთად. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, გ.ჯ.-ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა“, - აცხადებს თბილისის სააპელაციო სასამართლო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს გამოტანილი განაჩენის მიხედვით, გ.ჯ. მსჯავრდებული იყო დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისთვის და მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 9 თვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან გ.ბ.-ს მიმართ განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში დატოვა უცვლელი, თუმცა დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს გამოტანილი განაჩენით, გ.ბ. დამნაშავედ იყო ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში და მისჯილი ჰქონდა პატიმრობა10 წლითა და 6 თვით.

2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სააპელაციო საჩივრების განხილვა 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე. სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია უზენაეს სასამართლოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG