შვედეთის სასამართლომ უარყო მოთხოვნა „ვიკილიკსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ.
შვედმა პროკურორებმა ქალაქ უპსალის სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, დაუსწრებლად შეუფარდოს პატიმრობა 2010 წელს გაუპატიურებაში ეჭვმიტანილ ასანჟს, რომელიც ამჟამად ბრიტანეთშია დაკავებული. მისთვის პატიმრობის მისჯა იქნებოდა პირველი ნაბიჯი ბრიტანეთიდან ექსტრადიციის მოსათხოვად.
უპსალის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს შვედეთში გამოძიების შეწყვეტას.
47 წლის ასანჟი, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, უარყოფს გაუპატიურების ბრალდებას. ის აპრილში დააკავა ბრიტანეთის პოლიციამ მას შემდეგ, რაც მან შვიდი წელი დაჰყო ლონდონში ეკვადორის საელჩოში.
ბრიტანეთში ასანჟს 50 კვირით პატიმრობა მიუსაჯეს გირაოთი გათავისუფლების პირობების დარღვევისათვის.
მის ექსტრადიციას მოითხოვს შეერთებული შტატებიც საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისა და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებაში აშშ-ის არმიის დაზვერვის თანამშრომლის დახმარებისათვის.