ორბელიანის მოედნის ორწლიანი რეაბილიტაცია დასრულდა - 3 ივნისს ორბელიანის განახლებული მოედანი საზეიმოდ გაიხსნა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მან შეასრულა თვითმმართველობის არჩევნების დროს დადებული პირობა:
„დღეს ჩვენ აქ იმის გამო ვიმყოფებით, რომ ეს პროექტი არის დასრულებული და ჩვენ ჩვენი დაპირება შევასრულეთ, მაგრამ ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მსახურება, მსახურება შენი სამშობლოს მიმართ, ხალხის, ოჯახის, შენი შვილების, მომავალი თაობების მიმართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, მისი მიზანია ორბელიანის მოედანს დაემსგავსოს მთელი თბილისი:
„იყოს ასეთი - გამართული ინფრასტრუქტურით, ეკოლოგიურად მოწესრიგებული, სუფთა, ძალიან ბევრი მწვანე სივრცეებით, უსაფრთხო ქალაქი. მე დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ორბელიანის მოედნის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბინიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სხვა ოფიციალური პირები.