Accessibility links

სერგი კაპანაძე: კალანდიას დაკავება კომისიის მთავარი რეკომენდაცია იყო


„მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება კომისიის მთავარი რეკომენდაცია იყო“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხორავას საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავების თაობაზე.

4 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ ასევე შენიშნა, რომ საქმეში სამართლიანობის ბოლომდე აღსადგენად კომისიის დანარჩენი რეკომენდაციებიც უნდა შესრულდეს.

სამწუხაროა, რომ ამდენის ხნის განმავლობაში შს სამინისტრო ამ ნაბიჯს არ დგამდა და პროკურატურას ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. ჩვენ კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე იმ მასალების ანალიზის შედეგად, რომელიც ჩვენს ხელთ იყო, გამოვეცით რეკომენდაცია, რომ მას ბრალი უნდა წაყენებოდა. დღეს ეს მოხდა და იმედი მაქვს, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი და მართლმსაჯულება შედგება“, - თქვა სერგი კაპანაძემ.

საგამოძიებო კომისიის დანარჩენი რეკომენდაციები, დეპუტატის განცხადებით, ეხება იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ შს სამინისტროსა და პროკურატურაში და რომლებმაც, კაპანაძის თქმით, ეს საქმე თავის დროზე გააყალბეს.

„კონკრეტული პირები იყო ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული, მათ შორის ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მირზა სუბელიანი მონაწილეობდა, რომელმაც ბოლომდე თავისი როლით გააყალბა ეს საქმე. ასევე, კონკრეტული თანამშრომლები, დაწყებული ბატონი ფიფიათი, დასრულებული ბატონი ფხაკაძით, რომელიც ამ საქმის პროკურორი იყო, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში ბოლომდე ხელს აფარებდა კალანდიას. ჩვენ გვაქვს 10-მდე ადამიანის სახელი და გვარი იდენტიფიცირებული. ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია იყო, რომ ამ ადამიანების ქმედებებზე დაწყებულიყო გამოძიება“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ივნისს დაადასტურა, რომ არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მიხეილ კალანდია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG