Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჩალიკაშვილების ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა


თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი

პანკისის ხეობაში 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სახელით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა განაცხადი წარადგინა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

მოსარჩელეები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და მე-13 მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევის გამო.

განმცხადებლების მითითებით:

2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია დაიგეგმა ისე, რომ არ მომხდარა რისკების სათანადო გაზომვა და ძალის გამოყენების პრევენციისა და მინიმიზაციისთვის საკმარისი ზომების მიღება;

თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს არააუცილებელი და არაპროპორციული ლეტალური ძალა. გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც, მათ შორის, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზების შედეგებიც უთითებს. მოწმეთა ახსნა-განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლა და გასროლა თანადროულად მოხდა, სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილს სავარაუდოდ, ეკეთა ყურსასმენები, რაც ქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მან ვერც კი მოახერხა მომხდარის გაცნობიერება;

დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სახელმწიფომ არ აღმოუჩინა დროული სამედიცინო დახმარება. საავადმყოფოში ის დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით გადაიყვანეს სუს-ის მანქანებით და არა სასწრაფო დახმარების მანქანით;

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება არ აკმაყოფილებს დამოუკიდებელი, ობიექტური, ეფექტიანი და დროული გამოძიების სტანდარტებს. გამოძიების საწყის ეტაპზევე, გამოძიების პროცესში, სუს-ის უკანონო ინტერვენციის გამო მოპოვებული მტკიცებულებების ვალიდურობა იმთავითვე ეჭვქვეშ დადგა. მათ შორის, საეჭვო ვითარებაში მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ხელყუმბარის, იარაღის) განადგურება, შეცვლა. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის და არ აქვთ წვდომა საქმისთვის ყველაზე მნიშნელოვან მტკიცებულებებზე, მათ შორის, სპერაზმელების ჩვენებებზე, სპეცოპრაციის გეგმაზე.

გამოძიება არსებითად ჭიანურდება და მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ბოლოსთვის გამოძიებას უკვე ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის, ის გადაწყვეტილებას ამ დრომდე არ იღებს.

გარდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლისა, განაცხადში მოსარჩელეები დავობენ სპეცოპერაციის ჩატარების დროს მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და ამ ნაწილში გამოძიების არაეფექტიანობაზე.

სტრასბურგის სასამართლოში მაჩალიკაშვილების ინტერესებს ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრთან ერთად იცავს ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრი, რომელიც ლონდონში ბაზირებული გავლენიანი ორგანიზაციაა.

მოგვიანებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება განაცხადი თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის და პირადი ცხოვრების შელახვის შესახებაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG