Accessibility links

site logo site logo

ვერხოვნა რადას წინ მიმდინარეობს უცხოელი მოხალისე მებრძოლების მხარდამჭერი აქცია


კიევში ვერხოვნა რადას წინ მიმდინარეობს იმ უცხოელი მოხალისეების მხარდამჭერი აქცია, რომლებიც მრავალი წელია ითხოვენ მათთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი არიან ქვეყანაში მყოფი უცხოური ქვედანაყოფების წევრები და მათი მხარდამჭერები.

მათი ინფორმაციით, დღეს ვერხოვნა რადამ უნდა განიხილოს სახალხო დეპუტატ, ბატალიონ „აზოვის“ ყოფილი თავმჯდომარის, ანდრეი ბილეცკის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი უცხოელი მოხალისეების ლეგალიზების თაობაზე.

აქციის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ საკანონმდებლო ინიციატივას, რადგან უცხოელი მოხალისე მებრძოლების ლეგალიზებას ემხრობა უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

„ეს ჩვენ უფლებას მოგვცემს ლეგალურად ვიმყოფებოდეთ იმ ქვეყანაში, რომლის დამოუკიდებლობისთვის ბევრი ჩვენი თანამებრძოლი დაიღუპა დონბასში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან და მათ მხარდამჭერებთან ბრძოლაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მამუკა მამულაშვილმა, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა.

ქართველ მოხალისეთა დანაყოფი, „ქართული ლეგიონი“, უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში 2014 წლიდან მონაწილეობს.

2015 წლის თებერვალში უკრაინის მაშინდელმა პატრიარქმა ფილარეტმა დააჯილდოვა „ქართული ლეგიონის“ 29 მებრძოლი, მათ შორის, ორი - სიკვდილის შემდეგ, „უკრაინის სიყვარულისა და მისთვის თავშეწირვისათვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG