Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნაური No1


საიტი Last.fm ახლა ისეთი პოპულარული მგონი აღარ არის. ადრე ლამის კვირაში ერთხელ ვამოწმებდი ხოლმე, ახლა კი, რამდენიმე დღის წინ მივხვდი, რომ მგონი წლებია, რაც აღარ შემიხედავს.

ვინც არ იცით, ეგეთი სერვისია - რეგისტრირდები საიტზე და შემდეგ მობილური ტელეფონისთვის ან კომპიუტერისთვის პატარა პროგრამას წერ, რომელიც გითვლის, თუ რა მუსიკას მოუსმინე რამდენჯერ და მერე პერსონალიზებულ ჩარტებს გიკეთებს. საიტზე სხვა რაღაცეებიც ხდება, მაგრამ მაგას კაციშვილი არ იყენებს.

ლასთ.ეფემზე შორეულ 2006 წელს დავრეგისტრირდი. მგონი მაგის ხათრით ვიყიდე პირველი სმარტფონი - ცხადია, „ნოკია“. მაგის წინა ტელეფონზე სიმღერების მთვლელი, „სკრობლერი“ არ ყენდებოდა.

ჰოდა, ამას წინათ გადავწყვიტე გამომეკვლია, რისთვის მომისმენია ყველაზე ხშირად. მონაცემები ბოლომდე ზუსტი არაა - ხშირად ტელეფონზე „სკრობლერის“ დაყენება დამვიწყებია და კომპიუტერშიც კაი ხანია აღარ ვაყენებ, მაგრამ ზოგად სურათს ალბათ ასახავს მეთქი - ვიფიქრე.

2006-იდან დღემდე ყველაზე ხშირად მოსმენილი მუსიკოსების სია ნორმალურად გამოიყურება - The National, კანიე, კენდრიკი, New Order… შუაშისტი ჰიპსტერის სიაა. (ათეულში კიდე სმითსი, ბიტლზი და ელცედე მყავს. „ჯუდას პრისტს“ 31-ჯერ მოუსმინეო, მეუბნება. აბსურდია. 31-ჯერ მარტო Nightcrawler მაქვს მოსმენილი. წელს, ისიც! ). ყველაზე ხშირად მოსმენილი ალბომების სიაც მსგავსი მაქვს.

აი, 2006 წლიდან დღემდე ჩემს მიერ ყველაზე ხშირად მოსმენილი სიმღერის სათავეში კი დიდი უცნაურობა აღმოვაჩინე. იმ მხრივ, რომ მანამდე რომ გეკითხა - აბა, ნიკო, შენი აზრით პირველ ადგილზე ვინ გყავს გამოიცანი და 100 ცდას გაძლევო, ვერაფრით გამოვიცნობდი.

არა, ვიცოდი რომ ეგ სიმღერა არაერთხელ მომისმენია, მაგრამ ასე პირველზე თუ წამოსკუპდებოდა რას ვიფიქრებდი.

მოკლედ, პირველ ადგილზე მყოლია ყველაზე არაჰიპსტერული რამე - Pendulum – Propane Nightmares.

ალბათ სირბილის დროს ვუსმენდი ხოლმე? მაგრამ მაგდენიც თითქოს არ მირბენია... რას გაიგებ?

მაინც მგონია, რომ რაღაც ეშლება.

თქვენთან რა სიმღერაა პირველზე?

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG