აბსოლუტურად გაუგებარია ქალაქის მერის განცხადება, რომელიც არ ელოდება არჩევნების საბოლოო შედეგს, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ელენე ხოშტარია და ქალაქის მერის კახა კალაძის მილოცვას ეხმაურება.
კახა კალაძემ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლადო კახაძეს მთაწმინდის ოლქში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება.
„მათთვის არჩევნები არის შიდა სქემით ჩატარებული არჩევნები და შედეგებსაც ასე აცხადებენ. მათ პატივი უნდა სცენ ყველა პროცედურას და მერე ისაუბრონ",- აცხადებს ელენე ხოშტარია.
მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში ისინი უბნებზე ხედავდნენ "აბსოლუტურად აღვირახსნილ ხელისუფლებას", რომელმაც ადმინისტრაციული რესურსის გარდა, გამოიყენა კრიმინალური ავტორიტეტები.
„ჩვენ ვაჩვენეთ არაერთი კონკრეტული ფაქტი პირდაპირ უბანთან ზეწოლის შესახებ, რომ შემოეხაზათ 41. ფიზიკური თავდასხმა, მუქარა - ეს იყო კლიმატი, რომელიც ქვეყნისთვის საფრთხეა. ასეთი ტიპის არჩევნების ჩატარება არის სიძულვილის, აგრესიის და დაპირისპირების დათესვა პირდაპირ სახელმწიფოს მხრიდან. ეს კლიმატი არის ძალიან დიდი პრობლემა, ისევე როგორც კრიმინალურ ავტორიტეტებთან გარიგება, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს უნდა ვებრძოლოთ აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით და ამ ტიპის მმართველობის შეცვლით",- აცხადებს ელენე ხოშტარია.