Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტი პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს


ონლაინ გამოცემა qartli.ge-ს რედაქტორი საბა წიწიკაშვილი, პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

10 ივნისს, გამთენიისას, ჟურნალისტი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, მდინარე ლიახვის ხიდზე, ავტოსაგზაო შემთხვევის გადასაღებად მივიდა. ავტობანზე პოლიციის მანქანა იყო ამოტრიალებული. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში საბა წიწიკაშვილი აცხადებს, კადრების და ფოტოების გადაღების დაწყებისთანავე მასთან პოლიციელები მივიდნენ.

„როგორც კი გადმოვედი მანქანიდან, ჩემსკენ წამოვიდნენ. ვცადე იმ ადგილამდე მისვლა, საიდანაც ხილვადობა კარგი იყო. ბორდიურსა და მანქანებს შორის მივდიოდი. თავს 10-მდე პოლიციელი დამესხა. ერთმა ტელეფონის წართმევა სცადა, მეორემ ხელი მკრა და ბეჭებში ჩამარტყა. დანარჩენებმა ძალის გამოყენებით დამატოვებინეს ტერიტორია. ამის შემდეგ წამოვედი, ავტობანის მეორე მხარეს გადავედი გვირაბთან, შემოვუარე და მეორე ხიდიდან დავიწყე გადაღება. მეორე ხიდზე ვეღარ მომიახლოვდებოდნენ. ხიდიდან ხიდზე ვერ გადმოხტებოდნენ", - ამბობს ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი.

საბა წიწიკაშვილის ვარაუდით, მანქანაში მაღალჩინოსანი პოლიციელი იმყოფებოდა, რომლის გადაღებაც პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებს არ უნდოდათ. საბა წიწიკაშვილმა გენერალურ ინსპექციას უკვე მიმართა და მის ხელთ არსებული მასალა წარუდგინა. საქმეში ჩაერთო საქართველოს სახალხო დამცველიც.

საბა წიწიკაშვილი აცხადებს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა, პროფესიულ საქმიანობაშიც შეუშალეს. ჟურნალისტი პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

საბა წიწიკაშვილმა ძალადობის დამადასტურებელი ფოტოები უკვე წარუდგინა შესაბამის ორგანოებს.

ინცინდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG