ვაშინგტონში დღეს გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეხვედრა, რომელზეც ორმხრივი ურთიერთობის ცალკეული საკითხები განიხილება. მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა განცხადება „სამხრეთ ოსეთში“ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
"აშშ არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგებს. ჩვენი პოზიცია ნათელია - ეს რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია" - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა.
მანამდე მაიკ პომპეოსა და მამუკა ბახტაძის შეხვედრა 2018 წლის 20 სექტემბერს გაიმართა ვაშინგტონში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ჩავა მონრეალიდან, სადაც 10 ივნისს მამუკა ბახტაძემ მონაწილეობა მიიღო ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში.