Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია და ვოლსკი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ


გია ვოლსკი, გიგა ბოკერია
გია ვოლსკი, გიგა ბოკერია

პარლამენტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგა ბოკერიასა და „ქართული ოცნების“ წევრს გია ვოლსკის შორის.

9 ივნისს ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნება“ კვლავ დაადანაშაულა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გამოყენებაში.

ბოკერიას თქმით, მათ მიერ წარმოდგენილ ფაქტებს „ქართული ოცნების“ წევრებმა გასცეს აბსურდული პასუხები. გიგა ბოკერიამ მაგალითებად მოიყვანა საკრებულოს წევრის, სოხაძის განცხადება, რომ კრიმინალების, ძველი ბიჭების გვერდით დგომა კარგი ამბავია და უბრალოდ, ოპოზიციას ბავშვობიდან მათი კომპლექსი აქვს, ამის შემდეგ, კი ბოკერიას თქმით, ვოლსკიმ შემოგვთავაზა გენიალური ახსნა, რომ სოხაძე არა კრიმინალურ, არამედ საზოგადოებრივ ავტორიტეტებს გულისხმობდა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, არჩევნებში ჩართული კრიმინალები ახალგაზრდა გოგოებს ემუქრებოდნენ „შუაზე გაჭრით“ და აგინებდნენ, რაც „ქართული ოცნებიდან“ არავის დაუგმია და ამით პოლიტიკური უზნეობა ჩაიდინეს.

„თქვენ აქ ხშირად საუბრობთ წარსულზე, რეჟიმზე, მორალურ უფლებაზე. მინდა გკითხოთ კომპარტიაზე დანაშაულებრივი რეჟიმი ფაშისტურის გარდა რომელი იყო კაცობრიობის ისტორიაში, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა დაამხო, მილიონობით ადამიანი დახვრიტა, 9 აპრილს თავისუფალი მოქალაქეები დაარბია. თქვენ გყავთ ბატონი ვოლსკი, 9 აპრილის მერე ცეკას ინსტრუქტორი იყო. გყავთ ბატონი კოპალიანი, რომელიც გორკის პარტიულ სკოლაში სწავლობდა 9 აპრილის მერე. თქვენ გყავთ გუგული მაღრაძე - პარტკომი იყო ამ ყველაფერის მერე. ვის უკითხავთ თქვენ მორალს?!“ - მიმართა გიგა ბოკერიამ „ქართულ ოცნებას.“

საპასუხოდ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ბოლო არჩევნებზე საზოგადოებამ გამოავლინა გაცილებით უფრო მაღალი პოლიტიკური ნიჭი, ცნობიერება და ვითარების შეფასების გაცილებით მაღალი უნარი, ვიდრე ზოგიერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას გააჩნია. ვოლსკის შეფასებითვე, ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი საღად აფასებს წარსულს და მიმდინარე პროცესებს და მისთვის უფრო მისაღებია გამოწვევებით სავსე გარემოში მართვის მექანიზმები ჰქონდეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, განვითარების პერსპექტივას და არა რევოლუციურ სცენარებს.

„ჩვენი ოპონენტები შედარებით ნაკლებ მხარდაჭერას აბრალებენ ყველაფერს - ხახვს, ნიორს, ფქვილს, მოსყიდვის სხვადასხვა ფორმებს, ჰიპნოზსაც კი, ძველ ბიჭებს რასაკვირველია, სხვა გარემოებებს და არა საკუთარ თავს და ჩამოურეცხავ ლაქას, რომელიც დაამჩნია წარსულმა. უფრო მეტიც, არათუ შეაფასეს საკუთარი თავი, არათუ შალვა შავგულიძის მეშვეობით ჩამოიცილეს ლაქები, არამედ მნიშვნელოვნად დაალაქავეს შალვა შავგულიძის რენომე, თუკი კიდევ რაიმე ჰქონდა შერჩენილი სააკაშვილთან ალიანსის შემდეგ“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მხარდაჭერისთვის მადლობა უნდა გადაუხადოს არა მხოლოდ თავის ამომრჩეველს, არამედ მათაც, ვინც მხარი არ დაუჭირა, მაგრამ თავისი პოზიცია გამოხატა საარჩევნო ყუთებთან და არა ისტერიულ გამოხტომებზე აყოლით, რასაც სთავაზობდნენ არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური ძალები, არამედ აგრესიით და გინებით გამორჩეული კონკრეტული საინფორმაციო საშუალებები.

„რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს, არათუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ესეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას, არიან პატრიოტები, რომლებსაც თქვენგან განსხვავებით ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი, არ მოუკლავს ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებია“ - მიმართა გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას, რამაც მისი აღშფოთება გამოიწვია.

თავ-თავისი სადეპუტატო ადგილებიდან სიტყვიერი დაპირისპირებისას ვოლსკიმ ბოკერიას უწოდა ყეყეჩი ადამიანი, ხოლო ბოკერიამ ვოლსკის ცეკას ინსტრუქტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG