Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუტა რობაძიქის მამა: ირაკლი ოქრუაშვილს არ დავაცდი პოლიტიკაში ყოფნას


კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში, ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს,- განაცხადა ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების შესახებ პრესკონფერენცია უნდა დაიწყოს. რობაქიძე პრესკონფერენციის დაწყებამდე მივიდა დარბაზში, სადაც იმ დროს თავად ირაკლი ოქრუაშვილი არ იმყოფებოდა.

"კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში საქართველოში. კაცი არის მატყუარა. ეგ კაცი პოლიტიკაში როგორ უნდა მოვიდეს? ეგ წავა ციხეში! სამოქმედო გეგმაზე გავაკეთებ განცხადებას მომავალ კვირაში",- აღნიშნა სოსო რობაქიძემ.

"6 კაცი ადებს მას ხელს. შეიძლება ადეიშვილმა, ოქრუაშვილმა, მერაბიშვილმა პარტია გახსნან და იქ ადამიანები მივიდნენ? ვინც მიდიან გარეწრები არიან. გავაცოცხლებ "გადაარჩინე სიცოცხლეს". ეტყობა დაავიწყდათ ვინ იყვნენ ესენი. ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია იქნება 2020-ში, სადაც ვერც „ნაცები“, ვერც ოქრუაშვილი და ასეთი ხალხი 10%-საც ვერ გადალახავს. მაინტერესებს დღეს ოქრუაშვილთან ვინც მივა როგორ ჩაგვხედავს თვალებში, დასაჭერმა კაცმა სამართლიანობაზე როგორ უნდა ილაპარაკოს? არ ვაცდი პოლიტიკაში ყოფნას. ყველა ბოლოს „ნაცებთან“ მოიყრიან თავს. გუბაზს ვთხოვ, დიდი პატივს ვცემდი, სირცხვილი იქნება თუ ამოყოფ „ნაცების“ ოჯახში თავს, ისე როგორც შალვა შავგულიძე აღარც ადვოკატია, აღარც კაცი და აღარც პოლიტიკოსი",- განაცხადა ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ.

19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს წერეთლის გამზირზე, საპატრულო პოლიციამ მეგობრებთან ერთად დააკავა. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

2018 წლის 18 დეკემბერს, ბუტა (ამირან) რობაქიძის მკვლელობიდან 14 წლის შემდეგ, მოსამართლემ საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული ხუთივე პირი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები: გურამ დონაძე, დავით იაშვილი, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დამნაშავედ ცნო და მათ პატიმრობა შეუფარდა. საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა მხოლოდ ზაზა ბაქრაძეს, რომელიც დანაშაულს აღიარებდა. მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით და 5000-ლარიანი ჯარიმა. ასევე ყველას ჩამოერთვა უფლება 2 წლით და მეტით დაიკავონ თანამდებობა საჯარო სექტორში. ბუტა რობაქიძის მშობლების განცხადებით, ამ განაჩენით სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო და მალე პასუხი იმ მაღალჩინოსნებსაც მოეკითხებათ, ვინც ამ სპეცოპერაციის დამკვეთები იყვნენ. დაკავებულების ოჯახების წევრები კი აცხადებდნენ, რომ მათი ახლობლები უდანაშაულები არიან და რომ ისინი პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG