Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე: ანაკლიის პროექტს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მზად არის ანაკლიის პორტის კონსორციუმს ფინანსური დოკუმენტაციის წარსადგენად ვადები გადაუწიოს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონიდან ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა

„ანაკლიის ღრმაწყლოვანის პორტის პროექტს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, მე როგორც კი ჩამოვალ, მომდევნო კვირას ჩვენ გვექნება მთავრობის სხდომა და მოხდება ამ საკითხის განხილვა და ვადების გადავადება“- უთხრა “იმედს” პრემიერ-მინისტრმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური დახურვის დოკუმენტების წარსადგენად დრო 15 ივნისამდე აქვს, თუმცა დოკუმენტების წარდგენა ვერ მოხერხდებოდა, ვინაიდან ანაკლიის პორტის პარტნიორი 4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და მთავრობა ამ დრომდე არ არიან შეთანხმებული.

„ანაკლიის პორტს ჩვენთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა… მე ქალაქ სიეტლში შევხვდი კომპანია SSA Marine-ის ხელმძღვანელობას, რომელიც არის კონსორციუმის მონაწილე და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ამ პროფილის მქონე ყველაზე ძლიერი კომპანიები იყვნენ წარმოდგენილნი ამ პროექტში. ამ პროექტს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა… თუ ყველა შეასრულებს თავის ვალდებულებას, ეს პროექტი აუცილებლად შედგება და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ და ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას, რომ კონსორციუმს მივეხმაროთ თავის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეომ მამუკა ბახტაძესთან სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორმხრივი შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველო [ანაკლიის] პორტის პროექტს ბოლომდე მიიყვანდა. პომპეოს თქმით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს დაახლოებას თავისუფალ ეკონომიკებთან და ქვეყანას თავიდან აარიდებს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ მოხვედრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG