Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობაში უარყოფენ რომ ანაკლიის პროექტისთვის ვადის გაგრძელება პომპეოს განცხადებამ განაპირობა


ანაკლიის პორტის მშენებლობის ადგილი
ანაკლიის პორტის მშენებლობის ადგილი

საქართველოს მთავრობა უახლოეს სხდომაზე ოფიციალურად შეათანხმებს ანაკლიის პორტისთვის ფინანსების მოსაზიდად ვადის 6 თვით გაგრძელების საკითხს. ამის შესახებ 12 ივნისს განაცხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პრიორიტეტული პროექტია და არაერთხელ მოახდინა ამის დემონსტრირებაც, მათ შორის გადავადებების სახით, რომელიც ინვესტორს სჭირდებოდა სახსრების მოსაზიდად.

„ბოლოს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის დროს, რომელიც 21 მაისს შედგა, განვაცხადეთ, რომ ვადა, რომელიც იყო განსაზღვრული 15 ივნისამდე, არ იყო საკმარისი დაფინანსების ან საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის. შესაბამისად, ჩვენ ამ შეხვედრაზევე შევთანხმდით ბანკებთან და კონსორციუმთან, რომ წარმოადგენდნენ მათთვის სასურველ ვადას, რაც საჭიროა ყველა ფორმალობის დასასრულებლად“ - უთხრა ჟურნალისტებს მაია ცქიტიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ კვირაში მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ მიიღო ინფორმაცია, რომ სასურველი იქნებოდა ექვსი თვით გადავადება.

„როგორც წინასწარ ვიყავით შეთანხმებული, ჩვენ გავიზიარებდით ვადას, რა ვადაც იქნებოდა მოწოდებული კონსორციუმის მხრიდან. ამდენად, ახლა ვიმყოფებით შიდა სამთავრობო პროცედურებში. უახლოეს სხდომაზე გვექნება უკვე შეთანხმება გადავადებასთან დაკავშირებით“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ უკავშირდება ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას, მაია ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობა კონსორციუმისთვის ვადის გახანგრძლივების პროცესში იმყოფება გასული წლის დეკემბრიდან.

„ჩემი დღევანდელი განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ერთ-ერთი ტელეეთერით გააკეთა კომენტარი, მათ შორის, ასევე ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ კონსორციუმისვე განცხადებასთან დაკავშირებით, რომ კონსორციუმმა მიმართა მთავრობას ვადის გახანგრძლივების თაობაზე. ასე რომ, ჩემი დღევანდელი კომენტარი არანაირად არ უკავშირდება მაიკ პომპეოს განცხადებას” - თქვა ცქიტიშვილმა.

11 ივნისს, ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც დაეხმარება განავითაროს ურთიერთობები თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებთან და არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ.

იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დოკუმენტაციის წარსადგენად ვადა გაუგრძელოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG