Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად პარლამენტს წარედგინა 300 000 ხელმოწერა


საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ხელმოწერების შეგროვება რუსთავში. 2019 წლის მარტი
საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ხელმოწერების შეგროვება რუსთავში. 2019 წლის მარტი

20-მა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოს პარლამენტში შეიტანა 300 000 მოქალაქის ხელმოწერა საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით.

საუბარია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებაზე უკვე 2020 წელს და არა 2020 წლის შემდეგ, როგორც ამას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ინიციატივით განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილება.

პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად საჭირო, სულ მცირე 200 000 ხელმოწერის შესაგროვებლად სპეციალური ჯგუფი თებერვალში დარეგისტრირდა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მილიონ ხელმოწერას შეაგროვებდნენ.

„ჩვენ დღეს შეგვაქვს 300 000 ხელმოწერა, მაგრამ კამპანია გრძელდება მილიონი ხელმოწერის შესახებ. 10 დღის განმავლობაში ხელმოწერების ნამდვილობას პარლამენტი იხილავს, შემდეგ უკვე სესიაზე საერთო საჯარო განხილვის სპეციალური კომისია იქმნება, რომელიც ერთთვიან შეხვედრებს ჩაატარებს საქართველოს მასშტაბით. შემდეგ პროცესი გადავა პარლამენტში, ჯერ კომიტეტში, შემდეგ სხდომაზე და ალბათ, დაახლოებით შემოდგომისთვის გვეცოდინება, თუ რა ელოდება „ქართულ ოცნებას“ - არჩევნებისა და კანონიერი გზით გარკვეული პოლიტიკური შესუნთქვები, თუ სხვა გზებით ცოტა უფრო მძაფრი ფორმა, შეიძლება, პოლიტიკური სუნთქვის შეწყვეტაც” - უთხრა ჟურნალისტებს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, მართალია, იშვიათად, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ხანდახან ახასიათებს გონივრული გამონათებები, ამიტომ ელოდება ამ იშვიათ გამონათებას ქვეყნისთვის და პირადად მათთვისაც.

XS
SM
MD
LG