Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ უკრაინის კონფლიქტის დროს წამების 500-მდე შემთხვევა დაადასტურა


უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის მეთვალყურეობის სამსახურის მიერ დოკუმენტურად დადასტურდა არასათანადო მოპყრობის, გარე სამყაროსთან კავშირის გარეშე დაკავების და წამების 500-მდე შემთხვევა ორივე, უკრაინის მთავრობის ჯარის და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტული ძალების მხრიდან.

ამის თაობაზე მისიის ხელმძღვანელმა 13 ივნისს განაცხადა კიევში. „ვფიქრობთ, თუმცა, რომ ეს აისბერგის წვერია. წამება სისტემატურად ხდება უკრაინაში, რაც შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გამწვავდა, - უთხრა ფიონა ფრეიზერმა ჟურნალისტებს პრეს-კონფერენციაზე, როცა გაეროს ახალი ანგარიში წარადგინა. ანგარიში ეხება კონფლიქტის დაწყებიდან, 2014 წლიდან დღემდე პერიოდს.

ბევრ შემთხვევაში, ფრეიზერის თქმით, სავარაუდო დამნაშავეები არიან უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები და თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების თანამშრომლები. ფრეიზერის თანახმად, გაეროს მისიამ მიაგნო დაკავების 51 ობიექტს ფრონტის ორივე მხარეს, სადაც ასეულობით ადამიანი იყო არასათანადო მოპყრობის, გარე სამყაროსთან კავშირის გარეშე დაკავების და წამების მსხვერპლი.

ხუთწლიანი ბრძოლის განმავლობაში 3332 სამოქალაქო პირი მოკლეს და 7000 დაჭრეს, წერია ანგარიშში. ორგანიზაციის თანახმად, სულ 13 ათასი ადამიანი იქნა მოკლული. წლევანდელი მონაცემებით, ფრეიზერის ცნობით, 12 სამოქალაქო პირი მოკლეს და 58 დაჭრეს 1 იანვრიდან 9 ივნისამდე. ფრეიზერმა დასძინა, რომ ეს არის კონფლიქტის დაწყებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG