პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანი ომანის ყურეში ორ ტანკერზე მომხდარი თავდასხმის გამო, რომლებშიც აშშ თეირანს ადანაშაულებს. „ჩვენ ამას გულგრილად არ ვეკიდებით“, განაცხადა მან.
„ეს ირანმა გააკეთა და თქვენ იცით, რომ მათ გააკეთეს, ვინაიდან ნახეთ ნავი“, თქვა ტრამპმა და მიანიშნა ვიდეოზე, რომელზეც ჩანს, როგორ აშორებს ირანული ხომალდი აუფეთქებელ ნაღმს იაპონიის კუთვნილ ნავთობის ტანკერს.
ტრამპის თქმით, ნაღმი ირანული წარმოშობისაა.
მისი სიტყვებით, ირანს ზიანი მიადგა მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, მაგრამ ჯერაც წარმოადგენს საფრთხეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ყურეში ტანკერებზე ირანმა განახორციელა იერიში.
პომპეოს თქმით, ირანი ცდილობს, შეაფერხოს ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირება და ეს არის დაძაბულობის გამწვავებისკენ მიმართული მიზანმიმართული კამპანია. პომპეომ დასძინა, რომ აშშ დაიცავს რეგიონში თავის ინტერესებს.