Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგში შეაჩერეს სადავო კანონპროექტის მიღების პროცედურა


ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ მასობრივი გამოსვლების შემდეგ ოფიციალურად შეაჩერა სადავო კანონპროექტის მიღების პროცედურა. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას ქალაქის მცხოვრები მოქალაქეების კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის უფლება მიეცემა.

კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 12 ივნისს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. დაშავდა 81 პირი. ჰონგ-კონგის მმართველი, ჩინეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კერი ლამმა განაცხადა 15 ივნისს, რომ ადმინისტრაცია კონსულტაციებს გაივლის „საზოგადოების ყველა სეგმენტთან“, რათა მოისმინოს სხვადასხვა მოსაზრება ამ თემაზე. მან მიანიშნა, რომ მთლიანად გეგმაზე ხელის აღებას არ აპირებს, მაგრამ კონსულტაციების დასრულების კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია.

ჰონგ-კონგი ჩინეთის საგანგებო ადმინისტრაციული რაიონია, რომელსაც გარკვეულ სფეროებში ავტონომია აქვს მინიჭებული. ამ ეტაპზე ექსტრადიცია მხოლოდ ჩინეთის იურისდიქციაში ჰონგ-კონგის გადასვლამდე, 1997 წლამდე მიღებული შეთანხმების მიხედვით არის შესაძლებელი.

კანონპროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილები თვლიან, რომ ახალი კანონი შეიძლება აქტივისტების და უფლებადამცავების წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. მომხრეები თვლიან, რომ მისი ამოცანა დანაშაულთან ბრძოლაა. ოპოზიცია არ აპირებს აქციების შეწყვეტას, რათა მთლიანად ააღებინოს ხელი მთავრობას ამ კანონპროექტის განხილვაზე.

XS
SM
MD
LG