Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ვასაძის მიერ "სახალხო ლეგიონის" შექმნის გამო გამოძიება დაიწყო


ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 16 ივნისს გამოაცხადა, რომ "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ "სახალხო ლეგიონი" იქმნება
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 16 ივნისს გამოაცხადა, რომ "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ "სახალხო ლეგიონი" იქმნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, გაწევრიანებას, მონაწილეობას, ან უკანონო ფორმირების სასარგებლოდ საქმიანობას.

უკანონო ფორმირების შექმნა, ან ხელმძღვანელობა ისჯება 6-დან 12 წლამდე, ხოლო გაწევრიანება, ან მონაწილეობა 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება” - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს აღნიშნავს, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ მისი ფუნქციაა და შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

შსს-ს განცხადებითვე, ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამოაცხადა, რომ იქმნება სახალხო ლეგიონი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.

„ვფიქრობდი, რა არის ქართული ზღაპრებიდან სიმბოლო, რაც მე უნდა მქონდეს ასეთ დროს? კომბლე გამახსენდა. ეს კომბალი არ მოხვდეს არცერთ გარყვნილ ადამიანს, ქათამს, არასამთავრობოს და არც პოლიციელს, თუ ისინი ცემას არ დაგვიწყებენ, მაგრამ თუ ისინი შეგვდგებიან, თავს არ გაგალახინებთ, გამორიცხულია. მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, რომელიც ჩვენ არ გვინდა. მე ჯვრით მოვალ და ამით ვძლევ" - განაცხადა 16 ივნისს ვასაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG