Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: ლევან ვასაძის აქციით უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს


სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ 16 ივნისს ორგანიზებულ აქციაზე გაკეთებული განცხადებებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიც უნდა დაინტერესდეს.

ნინო ლომჯარიასთვის საყურადღებოა, რომ აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ რუსეთის ინტერესების ღიად გამტარებელი ადამიანები, რომელთა საქმიანობა ქვეყნის უსაფრთხოების ჭრილშია განსახილველი.

„გუშინ ადგილზე ვხედავდით იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ძალიან ღია კავშირები აქვთ რუსეთის რბილი ძალის წარმომადგენლებთან საქართველოში; იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ და ოფიციალურად წარმოადგენენ იმ ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული ინტერესია, რომ უცხო სახელმწიფოებში გააძლიერონ საზოგადოებრივი აზრი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის პოლიტიკას.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხებს ჩვენ უნდა შევხედოთ უფრო ფართო ჭრილში ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველისთვის ცხადია, რომ ვერის პარკში 17 ივნისს გამართულ აქციაზე გაკეთებული განცხადებები სცილდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.

„ჩვენ დავინახეთ, რომ მოწოდებები, რაც გაისმა გუშინდელ აქციაზე, სცილდებოდა კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფარგლებს, იყო უკანონო ფორმირების შეკრებისკენ მოწოდებები, იყო ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთისკენ და ძალადობისკენ მოწოდება“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამართულ აქციაზე გამოაცხადა, რომ იქმნება სახალხო ლეგიონი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.

„ვფიქრობდი, რა არის ქართული ზღაპრებიდან სიმბოლო, რაც მე უნდა მქონდეს ასეთ დროს? კომბლე გამახსენდა. ეს კომბალი არ მოხვდეს არცერთ გარყვნილ ადამიანს, ქათამს, არასამთავრობოს და არც პოლიციელს, თუ ისინი ცემას არ დაგვიწყებენ, მაგრამ თუ ისინი შეგვდგებიან, თავს არ გაგალახინებთ, გამორიცხულია. მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, რომელიც ჩვენ არ გვინდა. მე ჯვრით მოვალ და ამით ვძლევ" - განაცხადა 16 ივნისს ვასაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG