აშშ-ის შეფასებით, ირანის გეგმა, დაარღვიოს მის მარაგში არსებულ გამდიდრებულ ურანზე 2015 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებით დაწესებული ზღვარი, წარმოადგენს "ბირთვულ შანტაჟს", რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს "გაზრდილი საერთაშორისო ზეწოლით".
ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის პრესმდივანმა, გარეტ მარკისმა ეს განცხადებები 17 ივლისს გააკეთა, მას შემდეგ, რაც ირანმა მისდია თავის მუქარას, რომ კიდევ უფრო მეტად შეამცირებდა თავისი ერთგულების ხარისხს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებისადმი, რომლითაც შემცირდა ირანის ბირთვული პროგრამა, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.
ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი გამოვიდა მოწოდებით, რომ სასწრაფოდ გადასარჩენია ხელშეკრულება, რომელიც კოლაფსის პირასაა მას შემდეგ, რაც მას შარშან აშშ გამოეთიშა. საფრანგეთი ირანს მოუწოდებს გამოიჩინოს "მოთმინება და პასუხისმგებლობა", ბრიტანეთი კი ამბობს, რომ "ყველა შესაძლებლობას განიხილავს" იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ხელშეკრულებას არ უერთგულებს.
ირანმა მაისში შეწყვიტა გარკვეული ვალდებულებების შესრულება, პასუხად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე აშშ გამოეყვანა ხელშეკრულებიდან. ტრამპმა ირანს სანქციებიც აღუდგინა.