Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტი მომზადდა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სენატმა გამოაქვეყნა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2020 ფისკალური წლის კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომელშიც წინა წლისგან განსხვავებით, ცალკე ქვეთავი ეთმობა საქართველოსთან თანამშრომლობას.

ამასთან, აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, აშშ-ის მოკავშირედ და პარტნიორად მოიაზრება.

დოკუმენტის თანახმად, აშშ აგრძელებს საქართველოსთან მტკიცე და ურყევ სტრატეგიულ პარტნიორობას და ხელს შეუწყობს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატოს ძალებთან თავსებადობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, 2019 წლის აქტთან შედარებით, 2020 წლის კანონპროექტი შეიცავს უფრო ძლიერ ფორმულირებებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სენატი ხაზს უსვამს შავი ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და მეტი ჩართულობის აუცილებლობას და საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატოს და სხვა მრავალეროვნული წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას.

კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სენატის მტკიცე პოზიციას ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკისადმი და მხარდაჭერას ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აშშ-ის საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე, ორპარტიულ მხარდაჭერას და აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG