საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2019 წლის იანვარ-მაისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის წინასწარი შედეგები. ამ პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ 4 959.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1%-ით მეტია. ექსპორტი 14.2%-ითაა გაზრდილი, იმპორტი კი შემცირებულია 3.6%-ით
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა 2 026.1 მლნ. აშშ დოლარი, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9%-ია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 360.9 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 22.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.6%-ს შეადგენს.
ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობამ 885.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (11.5%-ით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.4% პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან იყო 1 246.7 მლნ. აშშ დოლარი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.9%-ით ჩამორჩება.
რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მაისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 25.9%-ით განისაზღვრა.
2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 748.7 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 28.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 51.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 951.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (13.2%-ით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 27.2%-ია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 1 700.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.3%-ით მეტია.
2019 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულია რუსეთი (218.7 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.8 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (119.1 მლნ. აშშ დოლარი).
2019 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.2% შეადგინა. პირველ სამეულში არიან: თურქეთი (595.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (349.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (347.9 მლნ. აშშ დოლარი).
2019 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.1% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (701.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (568.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (435.6 მლნ. აშშ დოლარი).
2019 წლის იანვარ-მაისში, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავეს 261.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 207.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 14.2%-ია. მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 136.7 მლნ. აშშ დოლარით (9.3 პროცენტი).