Accessibility links

site logo site logo

ლევან ვასაძე: კომბლები სხვენში!


ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ის ტელეკომპანია იმედის ეთერში 18 ივნისს ჩატარებული ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგების მიხედვით ითვლის პრაიდის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს, მადლობას უხდის ხელისუფლებას იმისთვის, რომ პრაიდის პირველ დღეს "მამათმავლებმა" გამოსვლა ვერ გაბედეს და ამისთვის უკეთებს ხელისუფლებას მისი თქმით "დიდ და ბოლო" საჩუქარს.

"მე მინდა მადლობა გითხრათ მაინც, რომ გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. თქვენ თქვენი სიტყვა შეასრულეთ და არ ჩაატარებინეთ, ვერ გაბედეს ამის ჩატარება. იმედია ასე იქნება დანარჩენ დღეებშიც და იმისთვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოვდგათ თქვენი მიმართულებით, რომ განახოთ ჩვენი კეთილი ნება ჩვენს ქვეყანაში წესრიგის დაცვისა, მინდა გაგიკეთოთ ერთი ძალიან დიდი და პრინციპში ბოლო საჩუქარი. ამის იქით არანაირი საჩუქარი აღარ იქნება და გეშინოდეთ, თუკი გამოიწვევთ არეულობისკენ.

საჩუქარი არის ასეთი, მე მინდა ჩვენს საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, კომბლები შეაწყონ ჭერში. კომბლები არასოდეს არ იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლების და მათი პროპაგანდისტებისთვის, ეს იყო განკუთვნილი იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია შეგვდგებოდა ზეგ წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას. რადგან შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება, მე არ მაინტერესებს მამათმავლები რას ჭიჭყინებენ ახლა და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, აი ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან ჩვენს სახელმწიფოს: კომბლები სხვენში! ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ პრაიდს ჩაგიტარებთ. ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით." - ამბობს ლევან ვასაძე 19 ივნისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომელშიც ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუკი გადაიფიქრებენ და ლგბტქი თემს პრაიდის ჩატარების საშუალებას მისცემენ, ისხნის პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც შეიძლება მოხდეს.

"თუ თქვენ ამის შედეგად შეცვლით თქვენ გადაწყვეტილებას და დაიცავთ პრაიდს, ჩაატარებინებთ მას, შეგვდგებით ჩვენ, ჩვენ არ გვეშინია, ზოგჯერ მეცინება, რა გახდა ერთი ჩხუბი და ერთი დაპატიმრება. თუ თქვენ ამას ჩვენ გვიზამთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ. მერე ვერც მე, ვერც ვერავინ ვერ გააკონტროლებს ამ ქალაქში რა მოხდება. მე არ ვიცი, პარლამენტს მოადგება ეს ხალხი, კანცელარიას თუ ბიძინას შუშის სახლს - მე მაგისგან ვიხსნი ყველანაირ პასუხისმგებლობას. ეს არის თქვენი სულ ბოლო შანსი." - ამბობს ლევან ვასაძე.

ბიზნესმენის გამოთვლით, რომელიც ტელეკომპანია იმედის ღამის ეთერში ჩატარებულ გამოკითხვას ეფუძნება პრაიდის ჩატარების მართებულობასთან დაკავშირებით, საქართველოში პრაიდის მომხრეების რიცხვი 200-300 ადამიანზე მეტი არ არის, ყველა დანარჩენი მისი წინააღმდეგია, თუმცა მისივე თქმით, ქართველები დიდად არ აქტიურობენ, ვინაიდან სახინკლეებში სხედან და აქტიურობა ეზარებათ.

“ყველა მამათმავალი რეკავდა ორი ტელეფონით მინიმუმ, შეიძლება სამითაც, ჯიგრები ქართველები სახინკლეებში ისხდნენ და ვისაც არ ეზარებოდა მხოლოდ ის რეკავდა. გამოდის რომ სინამდვილეში რეკავდა 200-300 კაცი. მე ახლა გამიჭირდება დავთვალო, რამდენია მანდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, რომელსაც ქვეცნობიერად უყვარს მამათმავლების დგომა, ვინაიდან თავი წმინდანად მიაჩნია მათთან შედარებით და რამდენი არის ის უბედური. ძვირფასო ხელისუფლებავ, ეს არის თქვენი არჩევანი ქართველ ხალხსა და იმ ერთი მუჭა გარყვნილების პროპაგანდისტებს შორის.”

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG