Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდის გენერალურმა პროკურორმა დაასახელა უკრაინაში "ბოინგის" ჩამოგდებასთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი


ნიდერლანდის გენერალურმა პროკურორმა ფრედ ვესტერბეკემ დაასახელა ოთხი ეჭვმიტანილი, რომლებსაც ბრალი წაეყენებათ 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქში მალაიზიის „ბოინგის“, რეის MH17-ის ჩამოგდებასთან კავშირში. ესენი არიან რუსეთის მოქალაქეები სერგეი დუბინსკი, იგორ გირკინი და ოლეგ პულატოვი, ასევე უკრაინელი ლეონიდ ხარჩენკო, რომლების დაპატიმრებაზეც, ვესტერბეკეს თქმით, დღეს დაიგზავნება საერთაშორისო ორდერები.

სტრელკოვი ამჟამად მოსკოვში იმყოფება. დუბინსკი - როსტოვის ოლქში. სად იმყოფება ხარჩენკო, ცნობილი არ არის. მაგრამ, რუსულ სოცქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხარჩენკო 2017 წელს მოკლულ იქნა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი იცოდა მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ. პულატოვი 2017 წელს წერდა, რომ რუსეთში იმყოფება.

  • „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს MH17, უკრაინის შემადგენლობაში შემავალ დონეცკის ოლქში ჩამოვარდა 2014 წლის 17 ივლისს. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაასკვნა, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკით“, რომელიც რუსეთიდან შეიტანეს დონეცკელი სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე.
  • მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს თვითმფრინავის კატასტროფასთან რაიმე კავშირს. რუსეთის თავდაცვითმა კონცერნმა „ალმაზ-ანტეიმ“ განაცხადა, რომ მისი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების თანახმად, თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი რაკეტით უკრაინის სამთავრობო ჯარების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG