საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა. გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობს 25 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი.
ოფიციალური დღის წესრიგის თანახმად, 20 ივნისს ასამბლეა განიხილავს ფინანსურ ანგარიშს, ოფიციალური პირებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას, განვლილ და მომავალ საქმიანობას, ასამბლეის ორგანოთა შემადგენლობის განახლებას და სამოქმედო გეგმას.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია 19 ივნისს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა საინაუგურაციო სხდომით.
სესიის გახსნას მოჰყვა საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატების, მათ შორის კომუნისტი სერგეი გავრილოვის წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტში ასამბლეის დღევანდელ სხდომას გავრილოვი უძღვება.
აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში შემოუშვა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის მხარდამჭერი რუსი დეპუტატი. საინაუგურაციო სხდომაზე გავრილოვის გამოსვლის დროს დარბაზი დატოვა საქართველოში უკრაინის ელჩმა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა. საქართველოს პარლამენტი ასამბლეაში 2013 წელს გაწევრიანდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში გაერთიანებულია ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის 25 ქვეყანა.