Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტები: რუსი დეპუტატი უნდა გავაცილოთ ისე, როგორც ეკუთვნის ოკუპანტს


თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ გრძელდება ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ ამ სასტუმროში იმყოფებიან რუსი დეპუტატები და მათ შორის - რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი. ეს ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა.

„გამოვიდა ეს ადამიანი, დაგვენახა... და ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ მისი გაყვანა უნდათ უკანა გასასვლელიდან. დაბლოკილი გვაქვს ყველა შესასვლელი და მას ჩვენ გავაცილებთ ისე, როგორც ეკუთვნის ოკუპანტს... გავატარებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირ აეროპორტში წავა“, - განაცხადა ქაცარავამ.

„რუსეთი ოკუპანტია“, „არა ოკუპაციას“, „ძირს პუტინი“, „ძირს გავრილოვი“ - სკანდირებდნენ სასტუმროსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსი დეპუტატის გამოჩენას ამ დრომდე ელოდებიან.

20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩაიშალა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა, რასაც წინ უძღოდა ხმაურიანი პროცესები.

რუსი დეპუტატი გავრილოვი, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს იკავებდა დღის პირველ ნახევარში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისიო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე.

"ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის"დეპუტატებმა დაიკავეს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ისინი აპროტესტებენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის,სერგეი გავრილოვის მიერ სპიკერის ადგილის დაკავებას და აცხადებდნენ, რომ მას აღარ მისცემდნენ სხდომის გაგრძელების შესაძლებლობას.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიისთვის სრულიად მიუღებელია ის ფაქტი, რომ დილით სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტია.

სერგეი გავრილოვის მიერ ასამბლეის სხდომის წაყვანა გააპროტესტა „ქართული ოცნების“ არაერთმა წარმომადგენელმა.

XS
SM
MD
LG