Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძის განცხადება სრულად


საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ "ქართული ოცნების" ოფისში, უკან მდგომი თანაპარტიელების ფონზე, განცხადება გააკეთა. მას ჟურნალისტების შეკითხვებისთვის არ უპასუხია და განცხადების დასრულებისთანავე დატოვა ტრიბუნა. გთავაზობთ სრულ ტექსტს:

"ის, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა, რასაკვირველია, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომების შედეგად, რაც სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში პრაქტიკულად სრულად აღკვეთა. შეწყდა ფორუმი. რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი. ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი, უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ დეტალურად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოსთხოვდნენ გუნდის წევრებს.

იმავდროულად, 7 საათის შემდეგ რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს. რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. მათ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა როგორ იძალადეს ჩვენს პოლიციელებზე. შედეგად შეიქმნა ვითარება, რომელიც გასცდა დღის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ სრულიად სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა.

სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი პოლიციელები. პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი ემოციით.

ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს. პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული. ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობა და ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი.

ხვალ, რასაკვირველია, პროცესები გაგრძელდება. ჩვენ სიტყვას არ გადავალთ. არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმა შექმნეს ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე.

იმავდროულად, ჩვენ, ყოველ მიზეზ გარეშე, უზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტურქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია. ჩვენი ამოცანაა სიტუაციის დეესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი სრულად ინფორმირებულია, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები დღეს.

ვპირდებით საზოგადოებას, რომ ამ პირებს სრულად მოუწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება მათ მიერ ორგანიზებულ მასობრივ არეულობასა და დესტაბილიზაციის მცდელობაზე. საზოგადოებას გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ სიმშვიდისკენ. ხელისუფლება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს. დიდი მადლობა".

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას წინ უძღოდა სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მრავალსაათიანი შეტაკება, რომლის დროსაც ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები იქნა გამოყენებული; დაშავდა ათეულობით დემონსტრანტი და პოლიციელი; უცნობია დაკავებულთა ზუსტი რიცხვი;

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია, 20 ივნისის საღამოს 7 საათზე დაიწყო. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსეთის დუმის კომუნისტი წევრის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის ტრიბუნაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, სხდომის წაყვანას აპროტესტებდნენ.

საპროტესტო გამოსვლების გამო რუსეთის დელეგაციას საქართველოს დროზე ადრე დატოვება მოუხდა.

პარლამენტის წინ შეკრებილებმა პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომას ითხოვდნენ.

მცირე რაოდენობის დემონსტრანტებსა და პოლიციის ძალებს შორის შეტაკებებმა დილით რუსთაველიდან ვარაზისხევში, მელიქიშვილის და კოსტავას გამზირებზე გადაინაცვლა.

XS
SM
MD
LG