Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება აკაკი ბობოხიძის დასჯას აპირებს


აფხაზეთის დე ფაქტო რუსპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოეხმაურა 20 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ რუსეთის დელეგაციის წევრების გასაგონად თქვა, „ვხოცავდი თქვენიანებს, ვხოცავდი აფხაზეთში, ვხოცავდი და დავხოცავ“.

დაურ კოვეს თქმით, „აფხაზეთის მხარე მიმართავს ყველა საჭირო ზომას იმისათვის, რათა ზემოთნახსენებ სამხედრო დამნაშავეს მიეზღოს დამსახურებული სასჯელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის“.

​აკაკი ბობოხიძის განცხადებას ასევე გამოეხმაურა დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ასლან კობახია.

„რა ბედნიერებაა, რომ ჩვენ შვილებს არასოდეს მოუწევთ შეხება ამ სიმახინჯესთან. მიიწვიეს რუსეთის დელეგაცია იმისათვის, რომ პროვოკაცია მოეწყოთ. რას ნიშნავს, რატომ ჩავიდა [სერგეი გავრილოვი]! ის ამ ერთობის ხელმძღვანელია. იმ „გმირმა“ კი, რომელიც იქ ღრიალებდა, რომ ხოცავდა აფხაზებს და მომავალშიც დახოცავს, უმჯობესია, კარგად გაიხსენეოს, როგორ გარბოდა აფხაზეთიდან. თბილისიდან მუქარა ნებისმიერ ბრიყვს შეუძლია“, - წერს ასლან კობახია.

როგორც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ ახსნა, მისი სიტყვები მიმართული იყო რუსეთის დელეგაციის წევრისკენ, თუმცა, მისივე თქმით, შეცდომით მიმართა ესტონეთის დელეგაციის წევრს და წყალიც მას შეასხა.

ბობოხიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა, მაგრამ ნათქვამ ყველა სიტყვას ძალაში ტოვებს რუსი დეპუტატების მისამართით.

„ადამიანი, რომელსაც წყალი შევასხი, აღმოჩნდა ასამბლეის წარმომადგენელი ესტონეთიდან და არა რუსეთიდან... იმ კონკრეტულ შემთხვევაში მე ის რუსი დეპუტატი მეგონა. მაგრამ ჩემი სიტყვები ძალაშია რუსი დეპუტატების მისამართით.

დიახ, მე ვარ აფხაზეთის ომის მონაწილე და არა მაქვს სურვილი დავიხიო უკან რუსების წინაშე. თუმცა არც იმის სურვილი მაქვს, რომ დაპირისპირება მოხდეს... იმედი მაქვს, რომ ჩემი სიტყვების შესრულების აუცილებლობა არ დადგება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აკაკი ბობოხიძემ.

XS
SM
MD
LG