Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარემ აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყვიტა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი.

ირაკლი კობახიძე ორდღიანი ვიზიტით ბაქოში 20 ივნისს ჩავიდა. დაგეგმილი იყო მისი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

20 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს სერგეი გავრილოვს.

დღის განმავლობაში ცალკეული აქციების შემდეგ, საღამოს 7 საათიდან საქართველოს პარლამენტთან დაიწყო ხალხმრავალი აქცია, რომელზეც ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.

მოგვიანებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა პარლამენტის შენობა დაეკავებინათ და მოთხოვნების შესრულებას იქ დალოდებოდნენ. პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან განლაგებულ სამართალდამცავებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

პარლამენტში ძალით შესვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ქვებს, ბოთლებს და სხვა საგნებს ესროდნენ. ორივე მხრიდან დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. დაშავდნენ ჟურნალისტებიც.

ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ხელისუფლებამ ჯერ მოლაპარაკება შესთავაზა, თუმცა, თითქმის მაშინვე დაიწყო ძალის გამოყენებაც.

XS
SM
MD
LG