გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 1989 წლის 9 აპრილს, გენერალ როდიონოვის ქმედებას შეადარა რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელების ქმედება.
ვაშაძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ საოცარი ძალადობის გამოვლინება გვაჩვენა. მისივე განცხადებით, ხელისუფლების დავალებით მოქმედებდნენ სამოქალაქო ფორმიანი პირები, რომლებიც ყველაზე პროვოკაციულად იქცეოდნენ.
ძალიან საგანგაშოა ის ვითარება, რაც შექმნეს, უამრავი ადამიანია დაშავებული რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით. სასმართლოებში ჰყავთ გადაყვანილი ადამიანები, რომლებსაც ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ და აკავებდნენ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია - პარლამენტის თავმჯდომარის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და ვადამდელ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე მსჯელობის დაწყება.
20 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს სერგეი გავრილოვს.
დღის განმავლობაში ცალკეული აქციების შემდეგ, საღამოს 7 საათიდან საქართველოს პარლამენტთან დაიწყო ხალხმრავალი აქცია, რომელზეც ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.
მოგვიანებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა პარლამენტის შენობა დაეკავებინათ და მოთხოვნების შესრულებას იქ დალოდებოდნენ. პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეები პარლამენტთან განლაგებულ სამართალდამცავებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.
პარლამენტში ძალით შესვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ქვებს, ბოთლებს და სხვა საგნებს ესროდნენ. ორივე მხრიდან დაშავდა 240-მდე ადამიანი. დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ხელისუფლებამ ჯერ მოლაპარაკება შესთავაზა, თუმცა, თითქმის მაშინვე დაიწყო ძალის გამოყენებაც.