Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე გადადგა


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

თანამდებობიდან გადადგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. თუმცა, გადაწყვეტილება არა თავად ირაკლი კობახიძემ, არამედ პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გამოაცხადა ბრიფინგზე, რომელსაც პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად კობახიძეც ესწრებოდა.

კალაძემ წაიკითხა პოლიტიკური საბჭოს განცხადება, რომლის თანახმად: „საქართველოს პარლამენტში გამართული საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის დროს განვითარებულმა მოვლენებმა მძიმე სურათი შექმნა და საზოგადოების სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რომლის სოლიდარულიც იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მომხდარ ფაქტს მისცა შესაბამისი მკაცრი შეფასებები. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით. ამ მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება. ამ ძალებს თავად აქვთ პასუხი გასაცემი, როგორც კანონის და საზოგადოების წინაშე იმ მასობრივი ძალადობის ორგანიზებისთვის, რომელსაც დილამდე ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში ქართული საზოგადოება.“

პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო ერთ-ერთი მოთხოვნა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, საღამოს დაწყებულ საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეები კობახიძეს აკისრებდნენ პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანაში.

პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება, გადადგომის შესახებ წერილობით მიმართვის ან საჯაროდ განცხადების მომენტიდან.

პარლამენტის რეგლამენტი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევას 14 დღის ვადაში ითვალისწინებს.

პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას და პარლამენტის წევრთა არანაკლებ ექვსკაციან ჯგუფს.

პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს. შესაბამისად ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მოვალეობას თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძის წარდგენას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG