პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა დაგვიანებული სვლაა, ეს გუშინ უნდა მომხდარიყო; ნორმალურ სახელმწიფოში დღეს უკვე მთავრობა გადადგებოდა, - უთხრა რადიო თავისუფლებას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.
„წარმოუდგენელია, რომ კობახიძის გადადგომას „გავრილოვის ღამის“ მოწყობა დასჭირდა... კობახიძე უნდა წასულიყო და ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ ეს 20 ივნისს უნდა მომხდარიყო. დღეს სხვა რეალობაა...
იმაზე, რაც გუშინ რუსთაველის გამზირზე მოხდა, გამოძიება უნდა დაიწყოს და შს მინისტრის თანამდებობას უნდა ჩამოშორდეს ბატონი გიორგი გახარია... ნორმალურ ქვეყანაში გადადგებოდა მთელი მთავრობა და აუცილებლად დადგებოდა საპარლამენტო კრიზისი, რომელსაც, როგორც წესი, არჩევნები მოჰყვება ხოლმე...
მაგრამ მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ დღეს ჩვეულებრივად გათენდა“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას 20 ივნისს ძალის გამოყენების ლეგიტიმაცია არ ჰქონდა, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, აშკარაა, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, დემონსტრანტებს დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს და მშვიდობიან მოქალაქეებს ქუჩებში დასდევდნენ.
„თუკი შენ თეორიულად მაინც უშვებ იმას, რომ ძალის გამოყენების ლეგიტიმაცია გაგიჩნდა (მე ამას არ ვადასტურებ, ეს ასე არ ყოფილა გუშინ), ძალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მყისიერი ძალადობის წინააღმდეგ.
მაგრამ როდესაც დემონსტრანტი უკვე წასულია დემონსტრაციის ადგილიდან და მას დასდევ, ეს არის მშვიდობიანი მოქალაქის დევნა. ამისთვის ყველა ნორმალურ ქვეყანაში ისჯებიან.
ჩვენ ასეულობით ფოტომასალა გვაქვს, რომელიც ამას ადასტურებს, რომ ცარიელ ქუჩებში, რუსთაველის გამზირიდან მოშორებით ხდება დემონსტრანტებთან ანგარიშსწორება.
ეს გააკეთა 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილმა და ეს გაიმეორა გუშინ გიორგი გახარიამ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თინა ხიდაშელი.
20 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.