Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნუ მესვრი“ - სოლიდარობის აქცია ქუთაისში


ქუთაისში მოქმედ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებმა თბილისში დაშავებული ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გამართეს და უფლებების შელახვა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, დაუშვებელია ხელისუფლება მედიის თავისუფლებაზე საუბრობდეს და ამავდროულად, ჟურნალისტებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდეს.

"ამ დროის მონაცემებით, მედიის 31 წარმომადგენელია დაშავებული. გუშინ მიზანმიმართული ნადირობა ხდებოდა მედიის წარმომადგენლებზე. ვგრძნობდით, რომ დამიზნებით ესროდნენ ტყვიებს", - განაცხადა ეკა ფხაკაძემ.

ჟურნალისტ ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით, 20 ივნისის ღამით, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ამბით „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა საუბარი სისხლიან ცხრა წელზე და ახლა ისტორიაში სისხლიანი შვიდი წელი ჩაიწერება.

"ჩვენ გვინდა ცენტრალურ ხელისუფლებას ქუთაისიდან მივაწვდინოთ ხმა, რომ გუშინ ისინი იქცეოდნენ როგორც დამნაშავეები. მათ ხელი აღმართეს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.

ამას დაემატა ისიც, რომ ხელისუფლება, რომელიც საუბრობს სიტყვის თავისუფლებაზე, ესროდა ჟურნალისტებს. უამრავი ჟურნალისტია დაშავებული. ამისათვის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს. 7 წელი დაფიქსირდა როგორც სისხლიანი 7 წელი და 9 წელზე ამით საუბარი დასრულდა", - განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია მედიასაშუალებების 31 წარმომადგენელი, რომლებიც აქციის დარბევის დროს დაშავდნენ; მათ შორის არიან "საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის, "როიტერის" , "ტვ პირველის", საინფორმაციო სააგენტო "ონ.ჯი"-სა და "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG