Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოკუპაცია ცალი თვალითაც ჩანს" - სტუდენტები ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებენ


ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს:

„მოვითხოვთ სამოქალაქო სიმშვიდისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას! მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებული ახალგაზრდები! პასუხი აგოს ყველა პოლიციელმა და პოლიტიკოსმა, ვინც გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და მონაწილეობა მიიღო პროვოკაციების მოწყობაში!“

აქციის მონაწილეები, რომლებიც უნივერსიტეტის ეზოში 21 ივნსს, 18.00 საათზე შეიკრიბნენ, პროტესტს გამოთქვამენ ტრანსპარანტების ფონზე:

"რუსეთი ოკუპანტია", "ვის გამო, რის გამო?!", "დაგვითმეთ საქართველო ახალგაზრდებს", "ოკუპაცია ცალი თვალითაც ჩანს". "უარი მთელ პოლიტიკურ ელიტას"!

სტუდენტური აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ აპირებენ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან შეერთებას.

სტუდენტების ნაწილის აქცია 20-21 ივნისის ღამით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის პასუხად გაიმართა, რომლის დროსაც სულ მცირე 240 ადამიანის, მათ შორის 80-მდე პოლიციელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ორმა დემონსტრანტმა რეზინის ტყვიის თვალში მოხვედრის გამო თვალი დაკარგა.

პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდა 10-ობით ჟურნალისტი.

არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და დემონსტრანტები პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციულად გამოყენებაზე საუბრობდნენ.

20 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს სერგეი გავრილოვს.

დღის განმავლობაში ცალკეული აქციების შემდეგ, საღამოს 7 საათიდან საქართველოს პარლამენტთან დაიწყო ხალხმრავალი აქცია, რომელზეც ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომას.

21 ივნისს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

21 ივნისის საღამოს 7 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრისა გადადგომისა და ახალი საარჩევნო კანონის მიღების მოთხოვნით პარლამენტის წინ შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG