ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დეზირმა 21 ივნისს დაგმო ძალადობრივი ინციდენტები და მედიის წარმომადგენლების მიმართ არასათანადო მოპყრობა თბილისში საპროტესტო აქციის დროს და განაცხადა, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება ყოველთვის დაცული უნდა იყოს.
ჰარლემ დეზირის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 20 ივნისს სხვადასხვა მედიასაშუალების 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო სერიოზული დაზიანებები, უმეტესწილად სპეცრაზმელების მიერ გასროლილი რეზინის ტყვიებით. იყო მათ მიმართ ძალადობისა და მათი დაკავების, ტექნიკის დაზიანების ფაქტები. მედიასაშუალებებს შორის ჩამოთვლილია: როიტერსი, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ქართული სამსახური, რუსთავი 2, სივილ.ჯი, პირველი არხი, ტვ პირველი, კავკაზსკი უზელი, ნეტგაზეთი, ონ.ჯი, ო-სი მედია, მაესტრო ტვ, აჭარის ტელევიზია და რადიო, ინტერპრესნიუსი.
„ვგმობ გასულ ღამეს თბილისში მიმდინარე გამოსვლების დროს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და მათზე თავდასხმის ყველა შემთხვევას. ეს არის სერიოზული წინაღობა პლურალიზმისა და მედიის თავისუფლებისთვის. მედიას აქვს უფლება გააშუქოს საჯარო მოვლენები და სამართალდამცავებმა ყოველთვის უნდა სცენ პატივი ჟურნალისტების უფლებას თავისუფლად და უსაფრთხოდ გაავრცელონ ინფორმაცია“, - განაცხადა ჰარლემ დეზირმა.
ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში განსაკუთრებით გამოყო სივილ-ჯი-ს ფოტოგრაფ გურამ მურადოვის შემთხვევა. მას რეზინის ტყვიებით ზურგზე 11 დაზიანება აქვს მიყენებული. დეზირი აღნიშნავს რუსთავი 2-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილის მოტეხილობის შესახებ და აგრეთვე რუსთავი 2-ის დაცვის სამსახურის თანამშრომელ გიორგი სულაშვილის მიერ თვალის დაკარგვისა და ყბის ძვლის მოტეხილობის ფაქტებს.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას სწრაფად გამოიძიოს ჟურნალისტებთან დაკავშირებული ყველა ინციდენტი და კანონის წინაშე პასუხი აგებინოს ყველა დამნაშავეს“, - განაცხადა ჰარლემ დეზირმა - „აგრეთვე მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივი ღონისძიებების გატარებისკენ მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და მედიაორგანიზაციებთან თანამშრომლობისკენ დემონსტრაციების დროს ჟურნალისტების უსფრთხოების უზრუნველსაყოფად“.