Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლიბერალიდან“ წავიდნენ რედაქტორები და ჟურნალისტები


რედაქტორები და ჟურნალისტები საინტერნეტო გამოცემა „ლიბერალიდან“ წავიდნენ მფლობელსა და გენერალურ დირექტორთან, შორენა შავერდაშვილთან „სარედაქციო ხედვებთან“ დაკავშირებით უთანხმოების და საკადრო ცვლილებების გამო, რომლებსაც მფლობელი აპირებს.
ამის შესახებ ნათქვამია, „ლიბერალის“ 23 ივნისის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს სამი რედაქტორი და 8 ჟურნალისტი.
„ჩვენ ვაკეთებდით საქმეს, რომლისაც მთელი არსებით გვჯეროდა და ვემსახურებოდით დამოუკიდებელ, ეთიკურ, კვალიფიციურ ჟურნალისტიკას.

არ გვსურდა, რომ მომავალში „ლიბერალის“ მდგრადი განვითარება კითხვის ქვეშ დამდგარიყო და გვინდოდა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მისი განვითარების გარანტორები, რადგან კარგად ვაცნობიერებთ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობასა და როლს.

ამ გარემოების გათვალისწინებით შორენა შავერდაშვილს „ლიბერალის“ გუნდის სახელით მივმართეთ წინადადებით, შეექმნა პრეცედენტი და „ლიბერალი“ გადმოეცა ან მოეყიდა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის (ჩვენთვის მისაღებ ფასად).“ - წერია განცხადებაში.

განცხადების ავტორთა თქმით, რამდენადაც მათთვის „ ისედაც ცნობილია კომპანიის მფლობელისა და ჩვენს სარედაქციო და მენეჯმენტთან დაკავშირებულ ხედვებს შორის არსებული განსხვავების შესახებ, მიგვაჩნია, რომ მის მიერ შემოთავაზებული/დაანონსებული ცვლილებების გათვალისწინებით, „ლიბერალში“ ჩვენი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა.“

„ლიბერალიდან“ წამოსულმა ერთ-ერთმა რედაქტორმა, ზურაბ ვარდიაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ინტერნეტგამოცემაში მხოლოდ ტექნიკური მუშაკები რჩებიან. „ყველამ, ვინც კონტენტს ვქმნიდით, სამსახური დავტოვეთ და როგორც ერთიანი გუნდი ახალ პლატფორმაზე გავაგრძელებთ მუშაობას, იმ ღირებულებების მიხედვით, რითიც „ლიბერალი“ იყო ცნობილი“, თქვა ზურაბ ვარდიაშვილმა.
მან დასძინა, რომ ახალი საინტერნეტო პლატფორმის შექმნას რამდენიმე თვე დასჭირდება, თუმცა თანამშრომელთა გუნდის ხელახლა ჩამოყალიბებასა და გაფართოებაზე, მენეჯმენტის შექმნაზე, უკვე მუშაობენ.
ზურაბ ვარდიაშვილმა თქვა, რომ ჟურნალისტებს პარტნიორების იმედი აქვთ.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოცემის მფლობელმა შორენა შავერდაშვილმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა კომენტარისგან. თქვა, რომ „ლიბერალის“ შემდგომი მუშაობის შესახებ საჯაროდ გახდება ცნობილი.
ჟურნალი „ლიბერალი“ ბეჭდური სახით 2009 წელს გამოჩნდა ქართულ მედიაბაზარზე. მისი წილის 100-პროცენტიანი მფლობელია შორენა შავერდაშვილი. თავდაპირველად „ლიბერალი“ კვირაში ერთხელ გამოდიოდა, მოგვიანებით თვეში ერთხელ, ბოლოს ინტერნეტში გადაინაცვლა. დაახლოებით ერთი თვის წინ გამოცემამ 10 წლის იუბილე აღნიშნა.

"ლიბერალის" ჟურნალისტები არაერთგზის ყოფილან საერთაშორისო და ადგილობრივი ჟურნალისტური პრიზების მფლობელები.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG