ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ტარდება პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი საპროტესტო აქცია. მიტინგი ტარდება ლეტნას პარკში - იქ, სადაც 1989 წელს, ხავერდოვანი რევოლუციის დღეებში, კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური დემონსტრაციები იმართებოდა. მასში ნახევარ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. დღევანდელ დემონსტრაციაში ორგანიზატორები 250 ათასამდე ადამიანის მონაწილეობას ვარაუდობენ.
ბაბიშის წინააღმდეგ აქციები აპრილიდან მოყოლებული ტარდება პრაღასა და ჩეხეთის სხვა ქალაქებში. მისი მონაწილეების რიცხვი განუხრელად იზრდება. სამი კვირის წინ დემონსტრანტებმა გაავსეს ვაცლავის მოედანი ქალაქის ცენტრში. სხვადასხვა შეფასებით, მათი რიცხვი 90-დან 120 ათასამდე იყო. ამიტომ ორგანიზატორებმა მიტინგი გადაიტანეს ლეტნაში, ვინაიდან ქალაქის ცენტრი მათ ვეღარ დაიტევდა. პრაღაში მილიონ 300 ადამიანი ცხოვრობს.
როგორც ჩეხეთის მედია იტყობინება, აქციის მონაწილეები პრაღაში ავტობუსებით ჩავიდნენ მთელი ქვეყნიდან.
მასშტაბური საპროტესტო ტალღის საბაბად იქცა ბაბიშის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ფონდების თაღლითურად მითვისებაშია ეჭვმიტანილი. როგორც ამტკიცებენ, ბაბიშის ფირმამ ევროკავშირისგან კანონდარღვევით მიიღო ფული. ევროკომისიამ ასევე ჩეხეთის პრემიერს ბრალი დასდო ინტერესთა კონფლიქტში მისი ჰოლდინგის, Agrofert-ის მიერ დოტაციების მიღებისას. საპროტესტო აქციების მონაწილეთა რიცხვის ზრდის უშუალო მიზეზია იუსტიციის მინისტრად ბაბიშის მხარდამჭერის, მარია ბენეშოვას დანიშვნა. პრემიერის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ბენეშოვა გავლენას მოახდენს გამოძიებაზე.
ანდრეი ბაბიში უარყოფს ბრალეულობას და აცხადებს, რომ მასობრივი დემონსტრაციები უსაფუძვლოა.
ბაბიში ჩეხეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის ფლობს მთელ რიგ მსხვილ საწარმოსა და მედიასაშუალებას. ის სათავეში უდგას კოალიციურ მთავრობას, რომელიც სხვათა შორის ემყარება კომუნისტური პარტიის დეპუტატების მხარდაჭერას, რაც ასევე აღაშფოთებს მრავალ დემონსტრანტს.