Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვა თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს


ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს მხარდასაჭერად საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს იმ ვითარებაში, როცა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს აუკრძალა პირდაპირი რეისების განხორციელება საქართველოს მისამართით, ესტუმრონ საქართველოს და ამით დაეხმარონ ქართულ ტურიზმს განვითარებაში.

ლიეტუვის ელჩი, გიედრიუს პუოჯუნასი საქართველოში Twitter-ზე ავრცელებს მოწოდებას საქართველოში მოგზაურობის შესახებ.

„მოგიწოდებთ ყველას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერას. მიმდინარე წელს ამ ქვეყანაში გამგზავრებით, თქვენი პირადი თავგადასავლებისთვის შესანიშნავი გარემო გელოდებათ”, წერს ლიეტუვის ელჩი.

ელჩის მოწოდებამდე გაიმართა საქართველოს მხარდამჭერი აქციაც.

ვლადიმერ პუტინმა საქართველოში პირდაპირი ფრენები რუსულ ავიაკომპანიებს 21 ივნისს აუკრძალა.

ამ გადაწყვეტილების საფუძვლად სახელდება „რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვა დანაშაულებრივი ან სხვა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან“.

„2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა საჰაერო გადაყვანა (მათ შორის, კომერციული)“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

იმისათვის, რომ პუტინის ბრძანებას ნეგატიური გავლენა არ ჰქონდეს საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე, მიმდინარეობს აქტიური სოციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოუწოდებენ თავიანთ ნაცნობებს, იმოგზაურონ საქართველოში.

სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა საქართველოში ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა სახის კამპანია წამოიწყეს. ახლახანს ქსელში გაჩნდა ჯგუფი სახელწოდებით "Spend Your Summer in Georgia" ("გაატარე შენი ზაფხული საქართველოში"), რომელშიც უკვე რამდენიმე ათეული ათასი ინტერნეტმომხმარებელია გაწევრიანებული.

სარეკლამო ინდუსტიაში მომუშავე კომპანიების ნაწილმა კი ტურისტულ ობიექტებს შესთავაზა დახმარება მარკეტინგულ კომუნიკაციებში, რათა მათ უკეთ მიაწვდინონ საკუთარი ხმა პოტენციურ კლიენტებს.

XS
SM
MD
LG