Accessibility links

პუტინის პრესმდივანი აცხადებს, რომ საქართველოში რუსოფობიური ისტერიაა


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის შეფასებით, საქართველოში შიდა კრიზისია, რასაც კრემლი თავის საქმედ არ მიიჩნევს.

„ჩვენი საქმეა, როცა ეს იღებს ანტირუსულ ხასიათს. ეს არის ის, რაც გვაიძულებს ვიღელვოთ“ - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

პუტინის პრესმდივანი მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოში გამეფებულია რუსოფობიური ისტერია, რომელსაც შიგნიდან ხელოვნურად ამწვავებენ რადიკალური ელემენტები.

პესკოვის განცხადებითვე, საქართველოში რუსებს ემუქრებათ არა ჰიპოთეტური, არამედ ფიზიკური საფრთხე, რასაც ადასტურებს რუსეთის დუმის დეპუტატებსა და რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული ინციდენტები.

პუტინის პრესმდივნის თქმით, პრეზიდენტის განკარგულებაში 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ, აკრძალვის მოქმედების კონკრეტული ვადა მითითებული არ არის.

„აქ უბრალოდ, საუბარია საქართველოში სიტუაციის დაბრუნებაზე არარუსოფობიურ კალაპოტში“ - განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, როგორც კი ეს დაფიქსირდება, გაჩნდება გადაწყვეტილების გადახედვის საბაბი, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ გაღრმავების ტენდენცია ჩანს.

ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ იღებს მოსკოვი ავიამომისვლის შეჩერების გადაწყვეტილებას იმ ქვეყნებთან, სადაც ანტირუსული განცხადებები ისმის, ან ანტირუსული აქციები მიმდინარეობს, პესკოვმა უპასუხა, რომ ზღვარი ძალიან მარტივია.

„იმ ქეყნებისადმი, სადაც პარლამენტების შენობაში მყოფ რუს დეპუტატებს ექსტრემისტების ბრბო უტევს ცალსახა ლოზუნგებით, დამოკიდებულება განსაკუთრებულია და ეს არის საფუძველი დაფიქრებისთვის“ - განაცხადა პესკოვმა. მისი მტკიცებით, პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეაჩერა რუსეთის მოქალაქეებზე ზრუნვის გამო და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ შეიძლება სანქცია ეწოდოს.

„წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ჩადის საქართველოში და ფრენაზე დროებითი შეზღუდვა ამ რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს. არ შეიძლება არსებობდეს რომელიმე ქვეყანაში ჩასვლის აკრძალვა. ჩვენ ვაფრთხილებთ მოქალაქეებს გაითვალისწინონ საფრთხე, რომელიც სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში(საქართველოში) არსებობს“ - განაცხადა პესკოვმა.

რადიო თავისუფლებამ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტები გამოკითხა, მოსკოვში მიღებულ გადაწყვეტილებასთან და საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ისინი ქართულ სტუმარ-მასპინძლობაზე საუბრობენ. რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების პასუხები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კრემლის პრესმდივნის მტკიცებით, ჯერჯერობით არაფერი სმენია იმის შესახებ, რომ საქართველოს წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG