Accessibility links

site logo site logo

პროკურატურის შეფასებით, ოპოზიცია მელიას საქმეზე მტკიცებულებების დისკრედიტაციას ცდილობს


გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა მოწმეთა დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეში მოწმეები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ამირან გულუაშვილს მიმართა, ტრიბუნიდან წაიკითხოს მოწმეთა ბიოგრაფიები, სად საქმიანობენ და რომელი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ საარჩევნო კომისიებში. სამადაშვილის მტკიცებით, ბევრი მათგანი „ქართული ოცნების“ აქტივისტი, ან უსაფრთხოების სამსახურის და შსს-ს თანამშრომელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, სულ 6 მოწმეა, რომელთაგან 4 სუს-ის თანამშრომელია, 2 კი „ქართული ოცნების“ აქტივისტი.

„ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ბრალდების მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დისკრედიტაციის მცდელობას, მტკიცებულებათა დახლეჩვას, მათ დაყოფას, არასწორ ინტერპრეტირებას, დამახინჯებული ფორმით წარმოდგენას და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას“-განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მისი თქმით, ნიკა მელიას მიერ დანაშაულის ჩადენის ვარაუდი დასაბუთებულია არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, არამედ ექსპერტიზის დასკვნებით და მრავალი ვიდეომასალით, რომელიც ადასტურებს, რომ ნიკა მელია მიტინგზე საჯაროდ გამოსვლის მიღმაც მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს, ნებისმიერი გზით, მათ შორის ძალადობით პარლამენტის შენობის დაკავებისკენ.

„რაც შეეხება მოწმთა დისკრედიტაციის მცდელობას, მე ნამდვილად ვერ დავადასტურენ იმ ინფორმაციას, რაც ეხლა აქ გააჟღერეს დეპუტატებმა. თუმცა, შემიძლია აღვნიშნო, რომ ბუნებრივია, აქციაზე მყოფი პირებიდან მოხდა გარკვეული რაოდენობის ადამიანების მოწვევა და მათი დაკითხვა. ესენი არიან როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც იქ წესრიგს იცავდნენ, ასევე, იმ პირების ნაწილი, რომელიც იმყოფებოდა მიტინგის დროს უშუალოდ პარლამენტის წინ“ - განაცხადა გულუაშვილმა. მან დეპუტატებს განუმარტა, რომ ბრალდების დადგენილებაში არ მიეთითება ყველა მტკიცებულება და როცა მასალები ადვოკატს გადაეცემა, მათი სრულად გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG