Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია უმრავლესობას: აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ ვარ ამაყი, მე მაქვს ზეიმი, თქვენ პანაშვიდი


ნიკა მელია
ნიკა მელია

„მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს, კატეგორიულად ვთხოვე და მათ ეს თხოვნა გაითვალისწინეს, რომ დღეს ის სურათი ყოფილიყო, რომელიც არის. დიახაც, დღეს მე აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი“,- განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნიკა მელიამ ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის პასუხად. მამუკა მდინარაძემ მას პლენარულ სხდომაზე პირადად უთხრა, რომ კოლეგებმა მიატოვეს და არ სცადეს არგუმენტებით ეჩვენებინათ მისი პოზიციის სიმართლე.

მე ვარ აქ დღეს ამაყი, მაგრამ მგონია, რომ თქვენ არ ხართ ამაყები. მე დღეს ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით, უხერხულ მორჩილებაში. მე ძალიან ბევრი რამ მექნება სათქმელი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, თანაც სიამაყით და ვფიქრობ თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

მე დღეს მგონია, რომ ვარ დიახაც ისტორიის სწორ მხარეს და მე მჯერა, რომ თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს. მე დღეს შემიძლია თითოეულ თქვენგანს თავისუფლად თვალი თვალს გაგისწოროთ მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს იგრძნობა ხელშესახებად აქ ამ დარბაზში. დიახაც მე დღეს აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, დღეს თქვენ აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი, მე მაქვს ზეიმი და თქვენ გაქვთ პანაშვიდი. და დღეს თქვენ განაჩენს მე ვერ გამომიტანთ და ღილაკზე მიჭერით თქვენ უბრალოდ თქვენ ბედს განსაზღვრავთ და საკუთარ ცხოვრებას განსაზღვრავთ. ასე რომ წარმატებები, ამის თქმასაც არ ვაპირებდი რომ არა ის ცილისწამება კოლეგების მიმართ“, - განაცხადა ნიკა მელიამ პლენარულ სხდომაზე, რომელზეც მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება.

საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს პარლამენტისადმი გენერალური პროკურორის მიმართვას დეპუტატ ნიკა მელიასთვის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

ნიკა მელიას ბრალად ედება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა. საქმე სისხლის სამართლის 225-ე მუხლითაა აღძრული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG