ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. დადგენილება დეპუტატებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს.
ნიკა მელიას თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ როდესმე ასე ამაყად იგრძნობდა თავს:
„ამ ხალხს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ უნდა დავიხსნათ ტყვეობისგან. ისინი არიან ტყვეობაში, რადგან არ არიან მზად თვალი გაუსწორონ ადამიანს, ვის წინააღმდეგაც ღილაკს დააჭირეს ხელი. დიდ ნაწილს ამის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ მათ იმოქმედეს საკუთარი ნების წინააღმდეგ. ეს ყველას უბედურებაა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შველა გვჭირდება. პოლიტიკურ კლასს, სახელისუფლებო გუნდს ვგულისხმობ, სჭირდება შველა, რომ ტყვეობიდან დავიხსნათ ეს ადამიანები. მძიმე ატმოსფერო და მძიმე აურა იყო და თავადაც მიხვდნენ ამ ყველაფერს.
შევალ ჩემ სამუშაო ოთახში, შემდეგ გავალ გარეთ, გულშემატკივრები არიან გარეთ. დამარცხებულია ბიძინა ივანიშვილი, იშვიათად ხდება ცხოვრებაში, თითქოს შენ დაგჩაგრეს, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ თავს გამოუტანეს წერა. ვერ ვიფიქრებდი, რომ ცხოვრებაში შეიძლებოდა თავი მეგრძნო ასე ამაყად. ისევ რომან გოცირიძეს ნათქვამს გავიმეორებ, თმის ღერი არ ჩამოვარდება ჩემი თავიდან“, - თქვა ნიკა მელიამ.
პროკურატურა ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში.
დაწერეთ კომენტარი