თბილისის საქალაქო ოსასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ნიკა მელიამ პირველი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, მას ბევრი კითხვა აქვს კოლეგებთან „ქართული ოცნებიდან“.
„92 დეპუტატს მივმართავ, მე მერიდება თქვენს ნაცვლად, რა გიქნათ ბიძინა ივანიშვილმა, აბრძანდით და მოსთხოვეთ მას პასუხი, რატომ დაამცირებინეთ საკუთარი თავები ასე. თქვენ ხომ წესით და რიგით ის ხალხი უნდა იყოთ, რომლებმაც ამ ქვეყანას წარმატება უნდა მოუტანონ?
გასამმაგებული, გაათმაგებული ენერგიით ვაპირებ ბრძოლას ამ არანორმალურ მოვლენასთან. მე თუ დამნაშავე ვარ, მე თუ შენობა შტურმით ავიღე, მე თუ ძალადობრივი მოწოდებები გავაკეთე და ამის საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა პარლამენტს, დღეს აქ რა მოხდა? სამარცხვინოა, ეს უფრო სამარცხვინოა. ამ ყველაფრის შემდეგ, ხელისუფლებისთვის ნიკა მელიას დაჭერა უფრო უმტკივნეულო იქნებოდა, ვიდრე ეს ყველაფერი, რაც ახლა გააკეთეს. პარლამენტში დავესწრები სხდომებს, ჩემს კოლეგებს „ქართული ოცნებიდან“ შევეკითხები, რა მოხდა, თქვენს წინაშეა კრიმინალი? და მე კვლავ თქვენს გვერდით ვზივარ? ან ისინი არ უნდა დასხდნენ ჩემს გვერდით ან მე არ უნდა დავჯდე, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, ვიქნები იქ, სადაც უნდა ვიყო.
არ ჰქოდნათ არცერთი მტკიცებულება, რომ მე პატიმრობაში წავსულიყავი და საზოგადოებამ ეს მედიის დახმარებით დაინახა. ეს არ დარჩა შეუმჩნეველი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისთვის. გარდა ამისა, მჯერა, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა სწორი პოზიცია დაიკავეს და დაურეკეს ბატონ გოგოხიას, ჩინჩალაძის ძმაკაცს და უთხრეს, მელია არ უნდა დაიჭიროთო. არადა, გუშინ, დაჭერა კი არა, ჩემი დახვრეტაც უნდოდათ, შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ“, - თქვა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თემურ გოგოხიამ, აღმკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
უწყება მას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14 აგვისტოს გაიმართება.